თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს, თუ ევროპა გზას გახსნის ევროკავშირში მათ გასაწევრიანებლად.
"50 წელზე მეტია, თურქეთი ევროკავშირის კართან იცდის და NATO-ს წევრი თითქმის ყველა სახელმწიფო უკვე ევროკავშირის წევრია. ამას მოვუწოდებ ქვეყნებს, რომლებიც 50 წელზე მეტია თურქეთს ევროკავშირის კართან ალოდინებენ. მოდით და გახსენით გზა თურქეთის წევრობისთვის. როცა თურქეთს გზას გაუხსნით, ჩვენ გზას გავუხსნით შვედეთს, როგორც გავაკეთეთ ფინეთზე", - განაცხადა მან.
8 ივლისს თურქეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის სტამბოლში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანა NATO-ს წევრობას უდავოდ იმსახურებს. ერდოღანმა უკრაინას მხარდაჭერა NATO-ში შვედეთის გაწევრიანების შეფერხების პარალელურად გამოუცხადა.
ერდოღანი შვედეთისთვის საბოლოო თანხმობის მიცემას იმ მიზეზით აყოვნებს, რომ მისი თქმით, ისინი ქურთ მებრძოლებს ეფექტურად არ ეწინააღმდეგებიან, რასაც ანკარა საფრთხედ მიიჩნევს.